კრეტა

ევროპული ცივილიზაციის აკვანი

უმშვენიერესი კუნძული კრეტა საბერძნეთის უმსხილესი კუნძულია, 8000 კმ. ფართობითა და ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლით.
აქ დაგხვდებათ: ულამაზესი ფირუზისფერი ზღვა, განსაცვიფრებელი მთის პეიზაჟები, ანტიკური ქალაქები,უნიკალური მუზეუმები, ჯერ კიდევ მითოლოგიიდან ცნობილი შთამდეჭდავი ხეობები, კომფორტული კლიმატი, მშვენიერი სანაპიროები და სასტუმროები, უგემრიელესი სამზარეულო, კოლორიტული ტრადიციები და სტუმართმოყვარე ხალხი. კუნძულზე საზღვაო სეზონი მაისიდან იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.
კურორტები
ხანია
ხანიას რეგიონი - მდებარეობს კუნძულის დასავლეთით. მას ახასიათებს შთამბეჭდავი თეთრი მთები (ლეფკა ორი), ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროები, ცნობილი ნაციონალური პარკი, რომელიც რეგიონის დიდ ნაწილს იკავებს.

რეთიმნო
თეთრ მთებსა (ლეფკა ორი) და პსილორიტის (იდას) შორის განლაგებულია რეთიმნო - ულამაზესი კლდიანი პეიზაჟების, მშვენიერი სანაპიროების, ლეგენდარული გამოქვაბულების, კრეტას ლირის მელოდიების, ისტორიული მონასტრების, ტრადიციული სოფლებისა და უჩვეულო კურორტების სინონიმია.

ჰერაკლიონი
კუნძულის უმსხვილესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, გარშემორტყმული ორი მთით - იდა (პსილორიტი) დასავლეთით და დიკტის მთით (ლასიტის მთები) აღმოსავლეთით. ჰერაკლიონში მდებარეობს კუნძულის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური გათხრები, ულამაზესი სანაპიროები და მომხიბვლელი სოფლები, გამოქვაბულებითა და კანიონებით, ზეთის ხილის ჭალებითა და ვენახებით, მთიანი მასივებითა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით.

ლასიტი
კრეტას აღმოსავლეთით განლაგებულია ლასიტის ოლქი, ექსკლუზიური დასვენების ადგილია. მსოფლიოში ცნობილი სანაპირო კურორტებისა და დელუქს კატეგორიის სასტუმროების უკან, იმალება ულამაზესი სოფლები, უკაცრიელი სანაპიროები, უცნობი არქეოლოგიური ძეგლები და ბიზანტიური ეკლესიები, რომლებიც ამ რეგიონს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.


ღირსშესანიშნაობები

კნოსოსის სასახლე
ეს უძველესი ძეგლი მითებითა და საიდუმლოებით არის მოცული. მეცნიერები თვლიან, რომ ის ორჯერ იყო აღმართული. ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში აშენებული სასახლე მიწისძვრის შედეგად დაინგრა. მოგვიანებით მინოელებმა ამ ადგილას ახალი შენობა ააგეს.
მეფის რეზიდენცია წარმოადგენდა უზარმაზარ სასახლეს ათასობით დარბაზით. აქ მდებარეობდა უძველესი ქალაქის ეკონომიკური და ადმინისტრაციული ცენტრი. შენობის არქიტექტურა გვაოცებს თავისი სილამაზით. ოთახები მორთულია სხვადასხვა ფრესკებით, სვეტებით, ქანდაკებებით. სასახლე საშუალებას გვაძლევს შევეხოთ ისტორიას და ახლოდან გავეცნოთ მინოსურ არქიტექტურას.
სასახლის შესახებ მრავალი ლეგენდა დადის. ზოგიერთის თანახმად, რომ სწორედ აქ მდებარეობდა ლაბირინთი, რომელშიც მინოტავრი იყო დაპატიმრებული. საშინელი მონსტრი ლაბირინთიდან ცოცხალი არავინ გამოსულა. მხოლოდ მამაცმა თეზევსმა არიადნეს ჯადოსნური ძაფის დახმარებით გაიკვლია გზა ლაბირინთში და მოკლა მინოტავრი.

რეთიმნო
რეთიმნო ვენეციელების მიერ დაარსებული თვალწარმტაცი ქალაქია. ისტორიული ძეგლები დღემდე შესანიშნავად არის შემონახული და ასახავს ამ ადგილის სილამაზესა და სიდიადეს. ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს. იგი იყო მთავარი სავაჭრო და კულტურული ცენტრი. მრავალფეროვანმა კულტურამ გავლენა მოახდინა რეთიმნოს ისტორიულ შენობებზე. სხვადასხვა დროის უძველესი ნაგებობები მდებარეობს რეთიმნოს ძველ ნაწილში. ყველაზე ცნობილია მე-16 საუკუნეში აშენებული ფორტეცას ციხე, რომლის კედლები დღემდეა შემორჩენილი.
ულამაზესი სანაპირო სავსეა კაფეებითა და სუვენირების მაღაზიებით. საღამოს აქ ხალხმრავლობაა, ხალხი სეირნობს, აკვირდება მზის ჩასვლას, აგემოვნებს ადგილობრივ ღვინოს და კერძებს.
აგიოს ნიკოლაოსი
პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომელსაც სხვა ბერძნული დასახლებების მსგავსად აქვს მდიდარი ისტორია.
დღეს აგიოს ნიკოლაოსი ითვლება კრეტას ერთ-ერთ პოპულარულ კურორტად. ის სავსეა გასართობი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ქალაქში ორი პოპულარული ტურისტული ცენტრია. პირველი მდებარეობს ვულიმენის ტბის გარშემო. აქ რომანტიული ატმოსფეროა: ბევრი კაფე და რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დალიოთ ყავა ან ღვინო. ლეგენდების თანახმად მასში ბანაობდნენ ათენა და არტემისი. ტურისტებისთვის მეორე უსაყვარლესი ადგილი არის სანაპირო. აქაც შეგიძლიათ დაისვენოთ კაფეში ან ტავერნაში, დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო ან უბრალოდ გაისეირნოთ ბულვარში.
კუნძულის ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ არქეოლოგიურ მუზეუმში. მუზეუმს გააჩნია კუნძულზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის და კულტურის არტეფაქტების დიდი კოლექცია.
ასევე ქალაქში მცირე ეთნოგრაფიულ მუზეუმი მდებარეობს,სადაც წარმოდგენილია ეროვნული კოსტიუმები, ქსოვილები, ნაქარგები, საყოფაცხოვრებო ნივთები და იარაღები.

არკადის მონასტერი
არკადი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ნაგებობაა არა მხოლოდ კრეტაზე, არამედ მთელ საბერძნეთში. მონასტრის მშენებლობა V საუკუნეში დაიწყო.
მონასტრის ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა მე-16 საუკუნეში აშენებული უფლის ფერისცვალების ეკლესია, ასევე წმ. კონსტანტინესა და წმ. ელენეს ეკლესია. მას ამშვენებს წარმოუდგენელი ფასადი ბაროკოს სტილში.
1866 წლის სამწუხარო მოვლენებმა წარუშლელი კვალი დატოვა ამ ადგილის ისტორიაში. თურქთა ალყის დროს მონასტრის კედლებს შეაფარა თავი ათასობით ადამიანმა: ქალებმა, ბავშვებმა, მებრძოლებმა. არკადიმ ვერ გაუძლო ალყას, რომელიც სამი დღე გაგრძელდა, თურქები მონასტერში შეიჭრნენ და ყველა დაატყვევეს. აჯანყების მონაწილეები ცოცხლად დაწვეს. XIX საუკუნეში დაიწყო მონასტრის რეკონსტრუქცია. მონასტერი აღადგინეს და დაუბრუნეს მას პირვანდელი სახე.

სამარიას ხეობა
სამარიას ხეობა შესანიშნავი ბუნების ძეგლია, ყველაზე დიდი ხეობა ეგეოსის არქიპელაგში და ყველაზე გრძელი მთელ ევროპაში.
ანტიკურ ხანაში აქ იყო აპოლონისა და არტემიდას ტაძრები. დღეს დიდებული შენობებიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ხეობაში არსებობდა უძველესი დასახლება ტარა.
მოგვიანებით ტარას ადგილზე სოფელი სამარია გაჩნდა. იგი განთქმული იყო თავისი კვიპაროსებით, ამიტომ ადგილობრივების უმეტესობა მეტყევე იყო. ხეები მოჭრეს და მეზობელ ქვეყნებში გაიტანეს. თურქული უღლისა და ფაშისტური ოკუპაციის დროს ხეობა თავშესაფარი იყო კრეტას მცხოვრებთათვის. 1962 წელს ხეობა ეროვნულ პარკად აღიარეს, სამარიას მცხოვრებლებმა ტერიტორია დატოვეს.
ლაშქრობის დროს ტურისტი აღმოაჩენს ფლორისა და ფაუნის მთელ მშვენიერებას: კვიპაროსებს, მუხას, ზეთისხილის ხეებს. შუაგზაზე აღმოჩნდებით სამარიაში, სადაც მოგზაურები მოკლედ ხნით ჩერდებიან. აქ არის უძველესი ნანგრევები, გარეული თხა კრი-კრი და სხვა უჩვეულო ცხოველები.
ხეობის გამოსასვლელში ტურისტის თვალწინ იხსნება სუვენირების მაღაზიები და ტავერნები. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ მძიმე ლაშქრობის შემდეგ.

წმინდა სამების მონასტერი (აგია ტრიადა)
აკროტის ნახევარკუნძულზე ხანიადან არც თუ ისე შორს მდებარეობს წმინდა სამების დიდებული მონასტერი. იგი დააარსეს ძმებმა ძაგაროლოსებმა, რომლებიც წარმოშობით იყვნენ მდიდარი და ცნობილი ვენეციური ოჯახიდან. ძმებს დიდი ცოდნა ჰქონდათ არქიტექტურაში, ისტორიაში, ლათინურში, ბერძნულში. მშენებლობა დაიწყო ძმა იერემიას ხელმძღვანელობით 1611 წელს. სამწუხაროდ, იერემია მანამდე გარდაიცვალა, სანამ მშენებლობას დაასრულებდა. მისმა ძმამ ლავრენტიმ განაგრძო წმინდა მონასტრის აღმშენებლობა.
თურქების განმეორებითი თავდასხმების გამო მონასტრის მშენებლობა XIX საუკუნემდე გადაიდო.
საბერძნეთის რევოლუციამ უსიამოვნო კვალი დატოვა მონასტრის ისტორიაში. ბერები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ, არ ჰქონდათ დრო, წაეღოთ რელიგიური ანტიკვარიატი, სიწმინდეები და ძვირფასი კოლექციები. თურქებმა ძვირფასი ნივთები მოიპარეს, ტაძრის შენობა კი დაწვეს. თითქმის მთელი ქონება გაძარცვეს და გაანადგურეს.
რევოლუციის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მონასტრის რეკონსტრუქცია დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. აგია ტრიადამ საგრძნობლად გააფართოვა თავისი საკუთრება. შეკრიბა წიგნებისა და ხატების ახალი კოლექცია. მონასტერმა დიდი წვლილი შეიტანა კუნძულის განათლების განვითარებასა და განმანათლებლობაში. დახმარება გაუწია ხანიას სკოლებს, მოგვიანებით მის კედლებში სასულიერო სემინარია გაიხსნა.
დღეს მონასტერი წარმოადგენს შენობების კომპლექსს. დიდ კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე განლაგებულია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი, მცირე ეკლესია, კელიები, ბიბლიოთეკა, საძვალე, სემინარია და სხვა შენობები. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ზეითუნის ზეთის ქარხანა და ღვინის მარანი. მონასტერი ასევე აწარმოებს საპონს, თაფლსა და ძმარს. ამ პროდუქტების შეძენა შესაძლებელია მონასტრის ტერიტორიაზე.

პლაჟები


ელაფონისი
კუნძულის ყველაზე პოპულარული სანაპირო მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით. პლაჟზე ქვიშა უჩვეულო, ღია ვარდისფერი შეფერილობისაა. ელაფონისის ზღვა არ არის ღრმა, ამიტომ პლაჟი იდეალურია პატარა ბავშვებისათვის. კომფორტული დასვენებისთვის აქ ყველა აუცილებელი პირობაა : შეზლონგები, ქოლგები, კაფე-ბარები.

ვაი ბიე
აღმოსავლეთ სანაპირო განთქმულია ვაის ყურის პლაჟით. თეთრი ქვიშა ვაის ერთადერთი უპირატესობა არ არის. პლაჟის გვერდით არის შესანიშნავი და პოპულარული ადგილი - პალმის ტყე.

ბალოს ბიჩ
ბალოს ბიჩეს არის თვალწარმტაცი ყურე კრეტას დასავლეთ ნაწილში. ადგილობრივები ქმნიან ლეგენდებს, რომელთა მიხედვითაც აქ ოდესღაც მეკობრეები ცხოვრობდნენ. ახლა ბალოსზე მძარცველები არ არიან, მაგრამ შეხვდებით დაივინგის მოყვარულებს. მათი სიყვარული ამ ყურისადმი სავსებით გამართლებულია, რადგანაც ამ ადგილას წყლის ქვეშ, ციხის ნანგრევები და ოდესღაც ჩაძირული გემი იმალება.

ალმიროს ბიჩ
კურორტ ლასიტის გამორჩეული სანაპიროა ალმიროსი. ეს ქვიშიანი პლაჟი იდეალური ადგილია შესანიშნავი დროის გასატარებლად.
პალეოკასტრო
ჰერაკლიონთან მდებარეობს ერთი საინტერესო პლაჟი - პალეოკასტრო. აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა თითქმის არ არის, პლაჟი კი დაფარულია წვრილი კენჭით. ეს პლაჟი განთქმულია თავისი ველური ბუნებით: ცისფერი ზღვით და შესანიშნავი პეიზაჟები.

ტურები კრეტაზე 2025