ამ კუნძულს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, როდესაც მოგზაურებს ესმის მისი სახელი, მაშინვე ხვდებიან, რა ელის მათ: მდიდრული დასვენება ყველანაირი კომფორტის თანხლებით. კურორტი აღიარებულია არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიკონოსმა მიიღო ხმელთაშუა ზღვის მოდისა და ბომონდური ცხოვრების ცენტრის სტატუსი, ამავდროულად იგი ინარჩუნებს კუნძულის ბუნებრივ გარემოს - კონტრასტების ერთობლიობას, რომლითაც ცნობილია საბერძნეთი.
კონტრასტების კუნძული ინარჩუნებს უძველესი კიკლადების ტრადიციებს, ამავდროულად უშვებს ყველაფერს ახალს თავის სულში, რითაც ადასტურებს თავის უნიკალურობას. მიკინოსი ლეგენდარული კურორტია. აქ სუფევს მუდმივი დღესასწაულის ატმოსფერო. მის ვიწრო ქუჩებში ან ულამაზეს პლაჟევზე ადვილად შეხვდებით მსოფლიოს ცნობილ სახეებს კინოს, მუსიკის და სპორტის სამყაროდან.
მიკონოსის მეორე სახელია ხორა. ხორა არის კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და მთავარი პორტით. ნავსადგურიც სავსეა კონტრასტებით, ისევე როგორც მთელი კუნძული: აქ ადგილობრივი მეთევზეების პატარა ნავები გვერდიგვერდ მდიდრული იახტებს იხილავთ. სწორედ ეს მიქსი იწვევს სტუმრებში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას.
იმისათვის რომ შეიგრძნოთ კუნძულის ეშხი აუცილებელია ფეხით იაროთ. მის ვიწრო ქუჩებში დაგხვდებათ ტრადიციული თეთრი სახლები, ფერადი ფანჯრებითა და კარებით, ასევე ლამაზი აივნებით, რომელთა მახლობლად განლაგებულია ქვის სკამები. აუცილებლად ისადილეთ ერთ-ერთ ადგილობრივ ტავერნაში. მყუდრო გარემო და უგემრიელესი კერძები გარანტირებულია. ეწვიეთ პატარა ეკლესიებს, ასევე მაღაზიებს, რომლებიც ყიდიან ადგილობრივი წარმოების ხელნაკეთ ნივთებს.
მიკონოსი გამოირჩევა აქტიური ღამის ცხოვრებით, იგი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი ხმაურიანი ბრწყინვალე წვეულებებით, რომელთა შედარება მხოლოდ იბიცასან თუ შეიძლება.
ღირსშესანიშნაობები
მიკონოსის ქარის წისქვილები
მიკონოსს ქარის წისქვილების კუნძულსაც უწოდებენ. წისქვილები გაშლილია ბორცვზე, რომელიც აღმართულია ხორაზე. წისქვილების არქიტექტურა საკმაოდ მსუბუქია: მრგვალი თეთრი ქვის კოშკები ჩალის სახურავითა და პატარა ფანჯრებით. ისინი თითქმის ყველა ერთმანეთს ჰგავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში მათ დიდი როლი ითამაშეს კუნძულის ეკონომიკურ განვითარებაში. ფქვილი და პური დიდი რაოდენობით მიეწოდებოდა მეზობელ კუნძულებსა და ქვეყნებს, რაც ადგილობრივების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. მოგვიანებით ტექნოლოგიურმა განვითარებამ, მათი მნიშვნელობა დააქვეითა. გასული საუკუნის შუა ხანებისთვის ისინი დანიშნულებისამებრ აღარ გამოიყენებოდა.
მიკონოსის 16 ქარის წისქვილს ჩაუტარდა რესტავრაცია. ერთ-ერთ მათგანში დაარსდა სოფლის მეურნეობის მუზეუმი. აქ არის ხელსაწყოების დიდი კოლექცია, ღუმელი, რეზერვუარები, პრესი. აქვე ახლოს არის მეწისქვილის სახლი და პატარა ეკლესიები. მუზეუმი საშუალებას გაძლევთ იხილოთ წისქვილი შიგნით, ჩაძიროთ სოფლის მეურნეობისა და გასული საუკუნის ატმოსფეროში. ამ ადგილიდან იშლება ეგეოსის ზღვის განსაცვიფრებელი პანორამა.
პანაია პარაპორტიანის ეკლესია
მიკონოსი ცნობილია არა მხოლოდ თავისი თვალწარმტაცი ბუნებითა და გართობით, არამედ არქიტექტურული ძეგლებითაც. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პანაია პარაპორტიანის პატარა ეკლესიას. ეს არის ყველაზე ცნობილი და ლამაზი ეკლესია კუნძულზე. იგი დგას ხორას უძველეს უბანში ზღვის სანაპიროზე.
ეგეოსის საზღვაო მუზეუმი
მუზეუმი პატარაა, მაგრამ ძალიან საინტერესო. მისი კოლექცია მოიცავს სხვადასხვა მომხიბლავ ექსპონატებს: უძველესი გემების მოდელებს, რუქებს, დოკუმენტებს, საზღვაო ინსტრუმენტებს, გემის სკივრებს, ძველ ნავებს, საჭეებს.
შიდა ეზოში არის პატარა შუქურა არმენისტისი, რომელიც ცნობილი იყო თავისი შუქით. დღეს ის ანათებს მუზეუმის ეზოს.
საზღვაო მუზეუმის დათვალიერება არ წაგართმევთ დიდ დროს, მაგრამ დაგიტოვებთ უამრავ შთაბეჭდილებას.
არქეოლოგიური მუზეუმი
არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება მე-19 საუკუნის გათხრების დროს ნაპოვნი მრავალი საგანძური.
მუზეუმი შეიცავს მრავალფეროვან ისტორიულ ფასეულობებს: საყოფაცხოვრებო ნივთებს, ხელოვნების ნიმუშებს, სამკაულებს, ხელსაწყოებს, სარიტუალო ნივთებსა და სხვ.
აქ ინახება ზღვაში აღმოჩენილი გლიკონის საფლავის ქვა. ხელოვნების ნიმუში ორ ათას წელზე მეტი ხნისაა. მუზეუმის კედლებში გამოფენილია ჰერკულესის ფასდაუდებელი მარმარილოს სტრუქტურა ლომის ტყავით ხელში, რომელიც თარიღდება II საუკუნით.
თუ ისტორია გიზიდავთ აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. შეეხეთ უძველესი ცივილიზაციების კულტურას და საკუთარი თვალით იხილეთ მისი სილამაზე.
დელოსი
მიკონოსიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს უძველესი კუნძული დელოსი. ეს ადგილი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ძველ დროში. დღეს მასზე მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
ლეგენდის თანახმად, სწორედ დელოსზე დაიბადნენ ზევსის შვილები არტემიდა და აპოლონი. კუნძულს წმინდა კუნძულს უწოდებდნენ და მასზე აღმართული იყო ტაძრები და ქანდაკებები.
უძველესი ნაგებობებისა და ტაძრების ნანგრევები დარჩა თავდაპირველ ადგილზე. მათ შორის არის ქანდაკებები და სვეტები, მინოსური შადრევანი, ლომის ტერასა.
დელოსი წარმოუდგენელი ადგილია, რომელმაც უძველესი ისტორია შემოინახა. კუნძული იუნესკოს დაცვის ქვეშაა.
პელიკანი პეტროსი
გარდა ისტორიული, კულტურული, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნების, მიკონოსი ასევე ამაყობს ცოცხალი სიმბოლოთი - პელიკანით.
ქალაქის თილისმას თავისი ისტორია აქვს. გასული საუკუნის 50-იან წლებში ადგილობრივმა მეთევზემ იპოვა დაჭრილი თეთრი პელიკანი, რომელსაც უმკურნალა და მოარჩინა. გამოჯანმრთელების შემდეგ პელიკანი კუნძულზე დარჩა, მას მეთევზემ პეტროსი დაარქვა და მასზე მთელი მოსახლეობა ზრუნავდა, თანდათანობით იგი კუნძულის თილისმად იქცა. ის მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მიკონოსზე, როდესაც დაახლოვებით 33 წლის იყო, იგი უბედური შემხვევის მსხვერპლი გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პეტროსის სიკვდილმა შოკში ჩააგდო კუნძულის ყველა მცხოვრები. ამ მოვლენას ისეთი რეზონანსი ჰქონდა, რომ თითქმის ერთდროულად ჯეკი კენედი-ონასისმა კუნძულს აჩუქა ვარდისფერი პელიკანი (მას ირინი დაარქვეს), ხოლო ჰამბურგის ზოოპარკმა ასევე გაგზავნა მიკონოსზე პელიკანი, რომელსაც პეტროსი დაარქვეს. ბედისწერამ მიკონოსის მკვიდრებს მორიგი საჩუქარი გამოუგზავა, 1995 წლის დასაწყისში მათ იპოვეს კიდევ ერთი დაჭრილი ახალგაზრდა პელიკანი. ტრადიციის თანახმად, იგი განიკურნა და მას სახელად ნიკოლაოსი დაარქვეს.
მაშასადამე, კუნძულზე ახლა სამი მოთვინიერებული პელიკანი ცხოვრობს; ისინი თავისუფლად დადიან ქუჩებში, სანაპიროზე, თევზაობენ, ახარებენ ქალაქის მოსახლეობას და აქ ჩამოსულ სტუმრებს.
მიკონოსის პატარა ვენეცია
მიკონოსის ერთ-ერთ კვარტალს ზღვისპირა სახლებით პატარა ვენეცია ჰქვია. მე-18 საუკუნეში აშენებული ორსართულიანი თეთრი სახლები გემების კაპიტანებსა და დიდგვაროვან ვაჭრებს ეკუთვნოდათ. ფერადი აივნები და ფანჯრები ზღვის ხედით ამ ადგილს ძალიან რომანტიულს ხდის.
დღეს აქ მდებარეობს კუნძულის ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუვენირების მაღაზიები, ტავერნები. სანაპირო კაფეების მფლობელები სპეციალურად აწყობენ სკამები ზღვისკენ, რათა დამთვალიერებლები დატკბნენ წარმოუდგენელი პანორამითა და უნიკალური მზის ჩასვლით.
უბნის პოვნა სულაც არ არის რთული. იგი მდებარეობს ქარის წისქვილებიდან რამდენიმე ნაბიჯში. აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ წარმოუდგენელ ადგილს, თუ კუნძულ მიკონოსზე მოხვდით.
მიკონოსის პლაჟები
პლატის-იალოს
ფართო პლაჟი დაფარულია ოქროს რბილი ქვიშით, ხოლო კუნძულის დედაქალაქთან სიახლოვე მას კიდევ უფრო პოპულარულს ხდის. ადგილი შესაფერისია, როგორც ბავშვებიანი ოჯახებისთვის, ასევე წყლის სპორტის მოყვარულთათვის. პლატის იალოსზე მუდმივად იმართება სხვადასხვა გასართობი თუ სპორტული ღონისძიებები.
ფსარუ
პლატის-იალოსის მეზობლად მდებარეობს უფრო მშვიდი პლაჟი ფსარუ. აქ მდებარეობს დაივინგიდ დიდი ცენტრი, სადაც ყველას შეუძლია ყვინთვის შესწავლა და ზღვის იდუმალი სამყაროს აღმოჩენა. სანაპირო კარგად არის ორგანიზებული. აქ ასევე არის ადგილი სერფერებისთვის, რადგან ტალღები საკმარისად მაღლა იწევს.
პარანგა
პარანგას სანაპიროს ტერიტორია ისეთივე კონტრასტულია, როგორც თავად მიკონოსი. ეს ადგილი იდეალურია ყველასთვის. აქ შესაძლებელია როგორც მშვიდი დასვენება, ასევე გულით გაერთობა. ჩრდილოეთი ნაწილი აღჭურვილია ყველანაირი კომფორტით, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მნახველებს, რომელთაც მზის ჩასვლამდე სურთ გარუჯვა. მაგრამ სამხრეთ მხარეს, სანაპირო არის კუნძულის ხელუხლებელი ტერიტორია. აქ იგრძნობთ მიკონოსის ნამდვილ ხასიათს, მის ბუნებრივ სილამაზეს.
პარადაისი
მიკონოსი ცნობილია საბერძნეთის საზღვრებს მიღმა მისი ერთ-ერთი პლაჟით - Paradise. აქ ძირითადად ახალგაზრდები მოდიან, რადგან იციან, რომ ამ სანაპიროზე საუკეთესო კლუბები, ბარები, მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებს. მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ Paradise-ზე დღე მოსაწყენი პერიოდია. ახლომდებარე რესტორნების უგემრიელესი კერძები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას. როგორც კი ღამე დადგება, გიჟური გართობა დაიწყება. განათებულია სხვადასხვა დაწესებულების აბრები, ყველგან ისმის მუსიკა, რომელიც გაიძულებს უნებურად ცეკვავ. Paradise ამ დროს უფრო დისკოთეკას ჰგავს, სადაც ყველა იმას აკეთებს, რაც სურს.
აგრარი
იზოლირებული დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილია კურორტი აგრარი. პატარა სივრცე მოერგება მათ, ვისაც მიკონოსის ყოველდღიური ხმაურისგან თავის დაღწევა სურს.
ელია
ელია კუნძულის ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟია. კლდეებით გარშემორტყმული ტერიტორია გასაოცარია თავისი სილამაზით. ზუსტად სანაპიროზე განლაგებულია რესტორნები და ტავერნები, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ კარგი ლანჩი უგემრიელესი ადგილობრივი კერძებით.
კალაფატისი
კალაფატისი მიკონოსის კიდევ ერთი მსხვილი პლაჟია. ტერიტორიის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მისი შევსება შეუძლებელია, მიუხედავად ტურისტების მუდმივი ნაკადისა.
კალო ლივალდი
თუ მგზავრობთ პატარა ბავშვებთან ერთად აუცილებლად ეწვიეთ კალო ლივალდის სანაპიროს. აქ ზღვა არ არის ღრმა, რაც საშუალებას მოგცემთ არ იდარდოთ ბავშვების უსაფრთხოებაზე. პლიაჟზე ქვიშა თბილია, ზღვა კი კრისტალურად სუფთაა. ადგილობრივ რესტორნებში უგემრიელესი ბერძნული კერძები დაგხვდებათ.
ორნოს
თუ მოგზაურობის მთავარი მიზანი წყლის სპორტია, მაშინ ორნოსზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. აქ მდებარეობს მაღალი კლასის დაივინგ ცენტრი, სერფერების სკოლა, ასევე რამდენიმე კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი პლაჟის თამაშებისთვის. რა თქმა უნდა, ორნოსი კეთილმოწყობილია მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს დაისვენოს ბერძნული მზის სხივების ქვეშ: სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია შეზლონგები, ქოლგები და მრავალი სხვა.