თესალონიკი

თესალონიკი - ჩრდილოეთის პატარძალი
თესალონიკი ჩრდილოეთ საბერძნეთის ულამაზესი და უდიდესი ქალაქია. იგი ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის, რადგანაც აქ გვხვდება მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა: მუზეუმები, ძეგლები, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილები. ქალაქში მჭიდროთაა გადახლართული სამი უძველესი ცივილიზაცია: ანტიკური, რომაული და ბიზანტიური. სალონიკის მოედნები და ქუჩები გარსშემორტყმულია უძველესი შენობებით, რომლებიც ისტორიული წიგნის ილუსტრაციებს მოგვაგონებს.
ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა განვითარებული: სხვადასხვა კატეგორიის კომფორტული სასტუმროები და არაჩვეულებრივი სანაპიროები ქალაქის გარეუბნებში. რესტორნების, კაფეების, ბარების, ღამის კლუბების დიდი არჩევანი და რათქმაუნდა ბერძნული სტუმართმოყვარეობა. შეუდარებელ სიამოვნებას მოგანიჭებთ ერთი ფინჯანი არომატული ყავა ქალაქის ბულვარის კაფეში ან უგემრიელესი სადილი ტრადიციულ ტავერნაში და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშის სალონიკი თავის ღამის ცხოვრებას შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ ღამის კლუბში დილამდე იცეკვოთ, ბარებში, დისკოტეკებზე ან ტრადიციულ ბერძნულ გასართობ ცენტრებში ”ბუზუკიზე”, სადაც პოპულარული ბერძენი მომღერლები ცოცხალი შესრულებით მღერიან.
თესალონიკში ვიზიტის შემდეგ და იმის შემდეგ რაც მის გულის ძგერას შეიგრძნობთ, თქვენ ისევ და ისევ მოგინდებათ აქ დაბრუნება.

ღირსშესანიშნაობები

არისტოტელეს მოედანი
ქალაქის გაცნობა სწორედ ამ მოედნიდან უნდა დაიწყოთ. დღევანდელი სახე მან მიიღო 1917 წლის ხანძრის შემდეგ (როდესაც თითქმის მთელი ქალაქი დაიწვა). მოედანი აშენებულია ფრანგი არქიტექტორის ე. ემბრარის პროექტით. აქ მდებარეობს ცნობილი ფილოსოფოსის არისტოტელეს ძეგლი. არსებობს მოსაზრება რომ, თუ მისი ხელის ცერა თითს შევეხებით და სურვილს ჩავიფიქრებთ იგი აუცილებლად აგვიხდება. არისტოტელეს მოედანზე ქალაქის მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება.

თეთრი კოშკი
ეს ქალაქის ყველაზე პოპულარული შენობაა და ამავდროულად მისი სიმბოლოცაა. კოშკი აშენებულია მე-15 საუკუნეში. თურქეთის ბატონობის დროს მას იყენებდნენ, როგორც ციხეს და ამის გამო მას ეწოდა ”წითელი” (სისხლიანი) კოშკი. თურქებისგან განთავისუფლების შემდეგ კოშკი თეთრად შეღებეს, რომ აღარ აგონებდეთ სისხლს, რომელიც აქ დაიღვარა. ამის მერე ამ კოშკს ”თეთრი კოშკი” ეწოდა. დღეს აქ მუზეუმი ფუნქციონირებს.

ანო პოლი (ზედა ქალაქი)
ზედა ქალაქი - ეს ის უბანია რომელიც 1917 წლის ხანძარს გადაურჩა. იგი მდებარეობს ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას. აქ ყველაზე გრილი მიკროკლიმატია. ანო პოლიდან იშლება მშვენიერი ხედები ქალაქზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი განლაგებულია ხმაურიანი ცენტრიდან რამდენიმე ნაბიჯში, აქ შეიმჩნევა ცხოვრების უფრო მშვიდი და ნელი ტემპი. თესალონიკში ვიზიტი სრულფასოვნად არ ჩაითვლება, თუ თქვენ არ გაისეირნებთ ზედა ქალაქის ვიწრო ქუჩებში, თავისი მომხიბვლელი ტავერნებითა და სუვენირების მაღაზიებით.

ტრიუმფალური თაღი
იმპერატორ გალერის თაღი-ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა, იგი ცნობილია სახელწოდებით ”კამარა”. აშენებულია 305 წელს რომის იმპერატორ გალერეეს მიერ სპარსელებზე გამარჯვების საპატივცემულოდ. ოდესღაც ამ თაღის ქვეშ გადიოდა ცნობილი გზა -ეგნატია, რომელსაც რომში მივყავდით. თესალონიკის დატოვება შეუძლებელია ისე, რომ სამახსოვრო ფოტო არ გადაიღოთ ამ თაღის ფონზე.

როტონდა
ეს ნაგებობაც იმტერატორ გალერეის დროსაა აშენებული. იმტერატორმა როტონდა საკუთარი პანტეონისთვის და მავზოლეუმისთვის ააშენებინა 300 წელს. ბიზანტიელი იმპერატორის თეოდორე დიდის დროს გადაკეთდა ქრისტიანულ ეკლესიად, ხოლო თურქეთის ბატონობის დროს-მეჩეთად. დღეს იგი ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი. სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშების გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დაკბენ ულამაზესი მოიზაიკითა და მე-4 საუკუნის იშვიათი ფრესკებით.

ნავარინუს მოედანი
კამარიდან ციმისკისკენ მიმავალ გზაზე, თქვენ შეხვდებით გათხრებს - ეს ნავარინუს მოედანია.აქ იმპერატორ გალერეის სასახლის ნანგრევებს ნახავთ. მისგან ოდნავ მოშორებით კი, იპოდრომი იყო განლაგებული, რომლისგანაც რამოდენიმე ფრაგმენტი შემორჩა. მშვენიერ შთაბეჭდილებებს კიდევ უფრო გააღრმავებს, თუ თქვენ ნავარინუს მოედანზე უგემრიელეს ბლინებს-კრეპებს დააგემოვნებთ, თქვენთვის სასურველი შიგთავსით, რომლებსაც იქვე, თქვენს თვალწინ მოამზადებენ.

ღვთისმშობლის ტაძარი
ეს ტაძარი მდებარეობს კამარას გვერდით. იგი აგებულია მე-5 საუკუნეში და ერთადერთი ეკლესიაა ქალაქში, რომელსაც ბაზილიკური ფორმა აქვს. კარგად არის შემონახული მე-13 საუკუნის ფრესკა, რომელზეც 40 დიდმოწამეა გამოსახული. სამწუხაროდ ბევრი ფრესკა განადგურდა მე-15 საუკუნეში, როდესაც თურქებმა ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს.

წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი
აგიოს დიმიტრიოს-საბერძნეთის ყველაზე დიდი და ცნობილი ეკლესიაა. ბიზანტიის ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ეკლესია მდებარეობს ქალაქის ცენტრში, რომაული აგორის ზემოთ. ტაძარს უმშვენიერესი მოზაიკები ამშვენებს. იგი აგებულია რომაული აბანოების ადგილზე, სწორედ იქ, სადაც ტანჯვით აღესრულა წმ. დიმიტრი, რომელიც იყო რომაული ჯარის ოფიცერი, დიდგვაროვანი ოჯახიდან და ქრისტიანობა მიიღო. მისი გარდაცვალების ადგილას გაჩნდა წყარო, რომელსაც მირონი სდიოდა. ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი თარიღია 1978 წელი, როდესაც დიდმოწამე დიმიტრის წმინდა ნაწილები დააბრუნეს წმ. ლავრენტის სააბატოდან (იტალიიდან) და დაასვენეს ეკლესიის შიგნით. ეკლესიის სარდაფში განლაგებულია მუზეუმი.

წმ. სოფიას ტაძარი
წმინდა სოფიას ტაძარი აგებულია მე-8 საუკუნეში, იმ ადგილზე სადაც იდგა ადრექრისტიანული დიდი ბაზილიკა, რომელიც 620 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დაანგრია. ეს ტაძარი ზუსტი ასლია ცნობილი აგია სოფიასი, რომელიც კოსტანტინეპოლში (სტამბულში) მდებარეობს. ბიზანტიური ეპოქის დროს, წმინდა სოფიას ტაძარი ქალაქის საკათედრო ტაძარი იყო. დღეს ეკლესია მოქმედია. აქ შეიძლება ულამაზესი მოზაიკის და ფრესკების დათვალიერება. აუცილებლად ეწვიეთ მას.

რომაული აგორა
ეს არის დიდი ოთხკუთხედი მოედანი ქალაქის ცენტრში - რომაული ბაზარი, რომელიც წარმოადგენდა ეკონომიურ, სავაჭრო, საზოგადო და ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრს მე-5 საუკუნეში. აქ იყო განთავსებული საჯარო შენობები, ოდეონის კონსერვატორია, სხვადასხვა სანახაობის გამართვის ადგილი, არქივი, აბანოები, მაღაზიები და მსხვილი გალერეები, რომელთაგანაც ყველაზე კარგად შემოინახა გალერეა cryptoporticus. მუზეუმში ინახება ექსპონატები, რომლებიც აღმოაჩინეს აგორის გათხრის დროს. აგორის ქვემოთ სამეფო გზა-ეგნატია გადიოდა, ხოლო მისი სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია მე-15 საუკუნის თურქული აბანოები - ბეი ჰამამი.

არქეოლოგიური მუზეუმი
მუზეუმის ეკსპოზიცია მოიცავს - ნეოლიტის ეპოქის, რკინის ხანის, არქაული, კლასიკური და რომაული ეპოქის აღმოჩენებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ოქროს სამკაულები და უძველესი საომარი იარაღი მაკედონიისა და მისი მეზობელი რეგიონებიდან. ცალკე კუთხეში ინახება უნიკალური ნივთები, ამოღებული მეფე ფილიპე მაკედონელის საფლავიდან და თვით ფილიპეს ნეშტიც. თესალონიკის არქეოლოგიური მუზეუმი მსოფლიოში საუკეთესო არქეოლოგიურ მუზეუმად ითვლება.

ბიზანტიური კულტურის მუზეუმი
მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია შეიცავს სხვადასხვა სახის ბიზანტიური ეპოქის ექსპონატებს, მოყოლებული იმპერიის აღორძინებიდან მის დაშლამდე (1453 წელს). ეს ექსპონატები არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებია, არამედ მოწმეები იმ ხალხის კულტურისა, რომლებმაც ისინი შექმნეს და იმ საზოგადოების, რომლებიც მათ იყენებდნენ. მუზეუმში დროთა-დრო ეწყობა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ექსპონატების გამოფენები, რომლებსაც კავშირი აქვთ ბიზანტიის ხელოვნებასთან და კულტურასთან.

თესალონიკის სხვა ბიზანტიური ძეგლები
როგორც ცნობილია, ბიზანტიის ეპოქაში თესალონი გარს შემორტყმული იყო უძლიერესი ციხე-გალავნით (IV-V საუკ), რომლის კედლების უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია.
გარდა ამისა აღსანიშნავია რომ, ქალაქის მთავარი ქუჩები, ისეთები როგორიც, ეგნატია, აგიუ დიმიტრიუ, ვენიზელუ, იოანოს დრაგუმი, აგია სოფია და სხვ. ქალაქის ყველაზე ძველ ქუჩებს წარმოადგენენ, რომლებიც ზუსტად იმ ადგილას გადის, რომელზეც გადიოდნენ რომაული იმპერიის დროს. ამას ადასტურებენ აღმოჩენები, რომლებიც მეტროს გაყვანისას გაკეთდა: თურმე თანამედროვე თესალონიკის ქვეშ არსებობს ბიზანტიური ეპოქის მთელი ქალაქი! გათხრების მსვლელობისას, დადგინდა პორტის მდებარეობის ზუსტი ადგილი, რომელიც თვით კონსტანტინე I დიდმა 322 წელს ააშენა, ასევე დაადგინეს იპოდრომის ადგილმდებარეობა. აღმოჩენილია ტაძრები, წყალსაცავი, აბანოები, სახელოსნოები, საცხოვრებელი სახლები, კოშკები, ნეკროპოლი და მრავალი სხვა რამ, რაც მთლიანობაში ქმნის ქალაქს.
ნაკლებად ცნობილ, მაგრამ არა ნაკლებად მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება ბიზანტიური ეპოქის ორი ადრექრისტიანული სასაფლაო. რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ფრესკები, რომლებიც საფლავთა უმრავლესობას ამშვენებს და III-IV საუკუნით თარიღდება.
რაც შეეხება ადრექრისტიანულ მოზაიკას, მისი მშვენიერი ნიმუშები არსებობს, როგორც როტონდასა და წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ტაძარში, ასევე ტაძრებში პანაია აქიროპულუ, აგია სოფიასა და მონი ლატომუსში.
თესალონიკის ყველა ბიზანტიური ეკლესია, უმშვენიერესი ფრესკების გარდა, წარმოადგენს ბიზანტიური არქიტექტურის ნათელ მაგალითს. XI აქ ააგეს პანაგია ქალკეონის ულამაზესი ტაძარი. ამ ეკლესიაში შეგიძლიათ იხილოთ უმშვენიერესი ფრესკები.

ტურები თესალონიკში 2025